ტექნოლოგია
და პროცესი

ნედლი თიხიდან მზა კერამიკამდე — ყოველი ეტაპი დეტალურად

კერამიკული ნაწარმის მომზადებისთვის, კერძოდ ღვინის სასმისის დასამზადებლად, ვხელმძღვანელობთ სპეციალური რეცეპტურით — კერამიკული მასის დამზადების რეზეპტით, რომელიც ნედლეულის მასალების ნაზავს შეადგენს და კერამიკული სხეულის საფუძველს წარმოადგენს.

01

თიხის მომზადება

დაქუცმაცებულ ნედლეულს — თიხას და ლამს — პირველ რიგში ვწონით, შემდგომ ვყრით სპეციალურ საზელ დანადგარში. ვამატებთ თხევად მინას დანამატის სახით, წყალს, და ვიწყებთ დაფქვას, რომელიც გრძელდება 7–10 საათის განმავლობაში. მორევის შედეგად მივიღებთ შლიკერს.

02

ჩამოსხმა და ფორმირება

შლიკერი გადმოგვაქვს სათავსოებში და სხვადასხვა ფორმის და ზომის დამზადებულ ყალიბებში ვასხავთ სპეციფიური ტექნიკის მეშვეობით. როდესაც თიხა მიიღებს ფორმას, დარჩენილი შლიკერი უკან ისხმევა. ვაცდით, რომ შემაგრდეს საჭირო კონდიციამდე, შემდეგ ვხსნით მჭიდროდ შეკრულ ფორმებს და თანმიმდევრობის მიხედვით ვიწყებთ ამოღებას. სანამ გასაშრობად გადალაგდება, უმუშავდება თავები, რათა საცობის მოსათავსებლად მაქსიმალურად ვარგისიანი იყოს.

03

გაშრობა

ნაკეთობის გაშრობას რამდენიმე საათი სჭირდება, რის შემდეგაც იწყება სრული გასუფავება ზედმეტი ნაწილაკებისგან — ნაკერების ადგილას, თავისა და ძირის გასწორება. შრობის დროს გამოვლენილი დეფექტების გამო ნაკეთობა ბრუნდება გადასამუშავებლად საზელში.

04

გამოწვა 1160°-ზე

ბოთლები თავსდება ღუმელში და იწყება გამოწვის პროცესი, რომელსაც შეიძლება სხვადასხვა რეჟიმი დასჭირდეს — დამოკიდებულია ნაკეთობის მდგომარეობაზე. ღვინის ჭურჭელი იწვება 1160 გრადუსზე, გამოწვის პროცესი კი გრძელდება დაახლოებით 5-დან 8 საათამდე. შემდგომ ხდება ღუმელის გაციება — სასურველია, თავისით გაცივდეს, დაჩქარების გარეშე. სრულად გაციების შემდეგ პროდუქციას ვამოწმებთ კომპრესორზე წნევით, რათა დაზიანებულები გამოვლინდეს.

05

დაფერვა

შემდეგი ეტაპია დაფერვა — წინა საფეხური დახატვამდე. ეს საჭიროა, რადგან მოდელების უმრავლესობა რელიეფურია. დაფერვის შედეგად ვიღებთ კონტრასტს, რაც თითოეულ ნაკეთობას განსაკუთრებულ ეფექტს აძლევს.

06

მოხატვა და დამუშავება

ბოლო და არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპია მოხატვა, რისთვისაც ვიყენებთ სხვადასხვა საღებავებს. მოხატვის შედეგად ნაკეთობა სრულდება, იღებს საბოლოო იერსახეს და იკვეთება მისი ინდივიდუალობა. შეფუთვის წინ ილაქება, რათა ღვინის ჩამოსხმის დროს ფერი არ გადაუვიდეს. საკმაოდ შრომატევადი პროცესია და მოითხოვს ტექნოლოგიის ზუსტ დაცვას, იმისათვის რომ მივიღოთ სრულფასოვანი ნაკეთობა.